„ეს ამბავი ერთის მხრივ მოგვითხრობს მითოლოგიური მზის ღმერთის ჰელიოსის შესახებ, მაგრამ ამავდროულად არაფერი აქვს საერთო ბერძნულ მითთან. სპექტაკლში ჰელიოსი არ წარმოადგენს ადამიანს ან პიროვნებას, ის მხოლოდ სიმბოლური გასაღებია თვითშემეცნების გზაზე აზროვნების ვაკუუმში მყოფი ადამიანებისთვის. ჰელიოსის არსი ამბის მხოლოდ დასკვნით ნაწილში ვლინდება.
მთავარი მოქმედება ხდება სიმულაციურ სამყაროში არსებულ სარკეებიან ოთახში, სადაც მოსახლეობა ზომბირებულ, „მძინარე“ მდგომარეობაში იმყოფება. ეკრანებზე მიჯაჭვულ ადამიანებს ტელე-რადიო მაუწყებელი აწვდის საგანგებო ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათ სამყაროში გამოჩნდეს „ჰელიოსი“ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.
სოციუმის წევრებში შეინიშნება დაძაბულობა, ისინი არაერთგვაროვნად რეაგირებენ ამ ინფორმაციაზე და ჰელიოსის გამოჩენაზეც სხვადასხვანაირ მოლოდინებს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ხსნას მესიის გამოჩენაში ხედავს/
ნაჩვენებია ციფრულ ოთახში გამოკეტილი სოციუმის კრიზისული მდგომარეობის თავისებურებები: შინაგანი ქაოსური და ამღვრეული განცდები, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან დაპირისპირება, გახლეჩილობა, ამპარტავნობა, შინაგანი სიცარიელის განცდა, ცინიზმი, ორპირობა, ტოქსიკური პოზიტივი და გულუბრყვილობა, რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში.
ფსიქოლოგიური კრიზისის ფონზე მოსახლეობის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ ფსევდო სულიერი და პიროვნული ზრდის სერვისებს და პროფანულ მომსახურებას.
მიუხედავად ამისა ადამიანთა მცირე ნაწილი მეტად გრძნობს და იაზრებს არსებულ მენტალურ ხაფანგებს და ილუზიურობას. ხდება ფასეულობების გადაფასება და თვითრეფლექსის მცდელობები.
ოთახში მიმდინარე პროცესებს ფრთხილად აკვირდებიან სხვა დროსა და განზომილებიდან გადმოსული განვითარებული არსებები, რომლებიც პერიოდულად მთხრობელის როლს ირგებენ და აანალიზებენ ოთახში მიმდინარე სიტუაციას.
ეკრანი მოულოდნელად წყვეტს მაუწყებლობას. მას შემდეგ სოციუმის წევრებში ვლინდება ეგზისტენციალური საკიტხების აქტუალობა და საკუტარი სულის გამოძახილი იჩენს თავს. ჰელიოსის გამოჩენის ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდებაცდა კულმინაციას აღწევს.
შესაძლოა ჰელიოსი ზოგიერთისთვის წარმოადგენს სინათლისა და სასიცოცხლო ენერგიის ახალ წყაროს, ამასთანავე მის სასტიკ, მაგრამ სამართლიან მხურვალებას შეუძლია დაწვას და გაანადგუროს დამკვიდრებული კომფორტის ზონა. ამ მნათობის ენერგიის დუალისტური ბუნება ახსენებს ადამიანს კოსმიური სამართლიანობის პრინციპს, რომელიც თანამედროვე ადამიანს მივიწყებული, ან სხვაგვარად აქვს გააზრებული.“
(საავტორო უფლებები დაცულია)